ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების ნორმებს ადგენს მთავრობის 60-ე დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ (V თავი).
ავტოგასამართ სადგურებზე და კომპლექსებზე აუცილებელია იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა;
უახლოესი წყლის წყაროების გეგმა-სქემა მანძილების და წყლის წყაროების დებიტების აღნიშვნით;
ტერიტორიიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის გეგმა;
ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუქციები;
მეხამრიდ სისტემებზე ჩატარებული სარეგლამენტო და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი.
სადგურებსა და კომპლექსებზე სატრანსპორტო საშუალებების გამართვისას საჭიროა შემდეგი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა:
– მოტოციკლებისა და მოტოროლერების ძრავას ამოქმედება და გამორთვა უნდა ხდებოდეს საწვავ-სარიგებელი სვეტიდან არანაკლებ 15 მ მანძილზე, ხოლო ავტომობილები უნდა მოძრაობდნენ თავისი სვლით;
– დაღვრილი ნავთობპროდუქტები უნდა დაიფაროს სორბენტით. სორბენტი და გაზეთილი საწმენდი მასალები უნდა შეგროვდეს ნაპერწკალუსაფრთხო ხუფების მქონე ლითონის ყუთებში და შევსებისთანავე გატანილ იქნეს ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან;
– მანძილი გასამართ ავტომობილსა და მის უკან მდგომ ავტომობილს შორის უნდა იძლეოდეს უსაფრთხო მანევრირების და ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას;
– საწვავის ჩასხმა მინის ან პოლიეთილენის ტარაში ანტისტატიკის გარეშე აკრძალულია.
მომსახურე პერსონალს და ავტოცისტერნების მძღოლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.
ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების ინსპექტირებას ახორციელებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.