საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს,
ასლი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,
ასლი: ბიზნესომბუდსმენს
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის
საჯარო მიმართვა
ქალბატონო ეკატერინე,
როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე მეექვსე თვეა საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამის განხორციელება სასწავლო ორგანიზაციების მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეჩერებულია. ამ ხნის განმავლობაში, კონფედარაციაში გაერთიანებული შრომის უსაფრთხოების სასწავლო და საკონსულტაციო კომპანიები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში არიან სწავლების განახლების პროცესთან დაკავშირებით.
ჩვენ მიველასმებით სამინისტროს მიერ აღებულ კურსს, სწავლების რეფორმირებასთან დაკავშირებით, მისი შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით, თუმცა ეს პროცესი უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ძალიან მტკივნეულად აისახება როგორც სასწავლო ორგანიზაციებზე, ისე ბიზნესზე. შეიძლება ითქვას, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროს რეფორმა პრაქტიკულად შეჩერებულია, რადგან დღეს ორგანიზაციებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამზადონ დასაქმებულები ან დაასაქმონ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების კადრები.
მიმდინარე ეტაპზე, შექმნილმა ბიზნეს ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებული სირთულეები შეუქმნა სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, რომლებიც ერთის მხრივ არიან სრულ გაურკვევლობაში, მიიღებენ თუ არა კვლავ სასწავლო პროგრამის განხორციელების უფლებას, მეორე მხრივ კი ეს ბიზნესი არათუ საფრთხის, არამედ სრულად დაღუპვის პირასაა, რადგან გადასახადები (მათ შორის იჯარა) ტრენერთა შენარჩუნება, საერთაშორისო პროგრამები (რომელთა განხორციელების ლიცენზია საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული), ლიტერატურის თარგმნა, დამუშავება და ადაპტირება მძიმე ტვირთად აწევს ორგანიზაციებს და იმ ფონზე, როდესაც ისინი უმკლავდებიან ამ სირთულეებს, სამინისტრო არ ახმოვანებს შეჩერებული რეფორმის განახლების გეგმას ან პროექტს და არც პასუხს იძლევა – შესაბამისი ორგანიზაციები მიიღებენ თუ არა კვლავ სწავლების განხორციელების უფლებას.
გარდა აღნიშნულისა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამის განხორციელების შეზღუდვა წარმოქმნის სამართლებრივ პრობლემას. სამინისტროს გააჩნდა ვალდებულება შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის შესაბამისად მოეხდინა ამ პროგრამის შემუშავება და მისი ფუნქციონირების მართვა, რაც ნახევარი წელია უკვე შეუსრულებელ მისიად რჩება. შედეგად კი გვაქვს ვითარება, როდესაც სამინისტრო არ ახორციელებს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას და ამასთან არ არსებობს მისი აღსრულების სხვა მექანიზმები, რაც პრაქტიკულად „კეთილი ნების იმედად“ ტოვებს ორგანმიზაციებს.
საგანგაშო ვითარებაა შექმნილი შრომის ბაზარზეც, სადაც დამსაქმებელს სურს გადაამზადოს საკუთარი კადრი, თუმცა ამის საშუალება მას არ ეძლევა. ჩვენს კონფედერაციაში გაერთიანებული სასწავლო ორგანიზაციები ყოველდღიურად იღებენ უამრავ ზარს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ სასწავლო კურსებზე დასაქმებულების გამოგზავნას, რომ მათ შეძლონ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ კი მათ ვერ ვაწვდით ინფორმაციას კურსების განახლების სავარაუდო დროის შესახებ. ამასთან, თუ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოახდენს ბიზნეს ოპერატორის შემოწმებას, მას დარღვევად განესაზღვრება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლა, ხოლო ამ დარღვევის გამოსწორება შეუძლებელია შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო. ყურადსაღებია, რომ დღეის მდგომარეობით გადამზადებულია 5000-მდე სპეციალისტი, ხოლო აქტიურ ბიზნეს საქმინობას ეწევა მინიმუმ 50-ჯერ მეტი ბიზნეს სუბიექტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადამზადებულთა უმეტესობა კონცენტრირებულია ქ. თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონები პრაქტიკულად სპეციალისტების გარეშეა დარჩენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარების შეფერხებისა და რეფორმის ჩავარდნის თავიდან აცილების მიზნით, ვსარგებლობთ საჯარო მიმართვის უფლებით და გთავაზობთ ინიციატივას:
შრომის უსაფრთხოების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, სამინისტრომ მოახდინოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების მიმდინარე ეტაპზე არსებული პროგრამის ამოქმედება და გააკონტროლოს როგორც სწავლების ხარისხი, ისე სოციალური დისტანციისა და სანიტარული ნორმების დაცვა, იმ ფონზე, რომ სამინისტრომ უკვე გამოსცა შესაბამისი რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებისათვის.
გარდა ამისა გთხოვთ გვაცნობოთ:
- იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც უკვე მიმართეს სამინისტროს და დააკმაყოფილეს არსებული მოთხოვნები, რა დამატებითი ბარიერები არსებობს სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ისეთი, რომელიც არ არის მათთვის ცნობილი და იმყოფებიან მოლოდნის რეჟიმში?
- იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც დაუდგინდათ ხარვეზი სწავლების განმახორციელებელ პირებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რატომ ხდება სამინისტროს მხრიდან მინისტრის ბრძანების არასწორი ინტერპრეტაცია და ყოველ ჯერზე ერთიდაიგივე შინაარსის შემცველი წერილების გაგზავნა?
- დაახლოებით რა პერიოდისთვის უნდა ველოდოთ სასწავლო დაწესებულებებისთვის აკრედიტების გაცემას და შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის განახლებას?
სასწავლო ორგანიზაციების შემდგომი ოპერირებისა და შრომის ბაზრის კვალიფიციური შრომის სპეციალისტებით უზრუნველყოფის საკითხი სრულადაა მონოპოლიზირებული თქვენი სამინისტროს მიერ და აღნიშნული ორგანიზაციები, ხელფეხ შეკრულნი ელოდებიან პასუხს ფუნქციონირების გაგრძელებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელების თაობაზე.